Saturday, September 22, 2012

პატრიარქის საკუჭნაო და ზრდასრულთა პროტესტი


21 სექტემბერს ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ეკა ბერიძესთან საუბარში თქვენი მონა-მორჩილის მიერ გავრცელებულ, წამების კადრების ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნების გამაპროტესტებელ პეტიციაზე ემოციური შეკითხვა “შემოგვიბრუნა“: სად ვიყავით მაშინ, როცა მას და მსჯავრდებულთა ახლობლებს შიგნეულგამოცლილ და ხელახლაგაკერილ გარდაცვლილ პატიმართა გვამები გამოჰქონდათ ციხეებიდან? შეკითხვა რიტორიკულია და მასზე მე პირადად ერთადერთ პასუხი მაქვს: მაშინ საერთოდ არ ვიყავით. ის საზოგადოება, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეა ხმა ამოიღო, 18 სექტემბრამდე უბრალოდ არ არსებობდა. სწორედ ამ საზოგადოების დაბადების დაგვიანებაა ჩვენი ბრალი, მაგრამ ამავე დროს საწინდარი, რომ სამოქალაქო და ზნეობრივ დონეზე ერთგვარი განწმენდის საშუალება მოგვეცეს, ხელისუფლებაზე კი რეალური ზეწოლა განვახორციელოთ და უკლებლივ ყველა რანგის დამნაშავის დასჯა მოვთხოვოთ.

შეიძლება ზედმეტად იდეალისტურია ჩემი ხედვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ გასულ დღეებში საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის მთავარი მიზეზი შემდეგი რამ იყო: გარკვეული ხანია უკვე, საზოგადოების ერთ ნაწილში მომწიფდა მზაობა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე მსჯელობისას, როგორებიცაა, მაგალითად, ომები სეპარატისტულ რეგიონებთან, აღარ მოხდეს მთავარი ბრალის “გარე-მტრისთვის“ და სხვა გარეგანი ფაქტორებისთვის გადაბრალება და კონფლიქტების საფუძველი პირველ რიგში ჩვენსავე მიდგომებსა და განწყობებში მოვიძიოთ. უფრო ფართო და ღრმა სახე მიიღო ამ ტენდენციამ სწორედ ბოლო დღეებში პატიმრების წამების ვიდეო-მასალის გამოქვეყნების შემდეგ, როდესაც საზოგადოებამ დაინახა, რომ სანამ ცხვირში არ ააფარეს ვიზუალური მასალა, მანამდე მას არც ძალა ეყო და არც მოტივაცია, რომ ხმა აემაღლებინა პატიმრების უფლებებისათვის. ქართული საზოგადოება იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ იგი, მთელი თავისი ახლადშეძენილი კომფორტითა და უსაფრთხოებით, ძალიან ბინძურ საძირკველზე დგას, და, თავისი ზნეობრივი თვითგვემიდან გამომდინარე, უარს ამბობს, განაგრძოს სირაქლემასებრ, ბავშვურ პოზაში დარჩენა. პირველ ღამეს ფილარმონიასთან ხუთასამდე კაცის სპონტანური, არაპარტიული შეკრების, შემდეგ დღეებში კი - სამი, ოთხი და ხუთი ათასი სტუდენტის ასევე სრულიად დამოუკიდებელი გამოსვლის შედეგი იყო ის, რომ ხელისუფლებამ ვერც რუსეთის აგენტად შერაცხა რომელიმე პროტესტანტი და ვერც რაიმე სხვა კომპრომატი გაავრცელა, რათა ამ დემონსტრაციების მონაწილეთა და მათი მოთხოვნების მარგინალიზება მოეხდინა, როგორც ეს, სრულიად ბუნებრივად, ხდებოდა ბურჯანაძის, კუკავას, გრეჩიხას თუ სხვათა მიერ მართული მღვრიე, უფორმო პროტესტის დროს, და იძულებულიც გახდა, კარდინალურად ახალი ნაბიჯები გადაედგა პრობლემების მოგვარებისკენ. თსუ-სთან, მოდულთან და პროკურატურასთან შეკრებელი თითოეული სტუდენტი მყარად იდგა თავის ორ ფეხზე და არც რომელიმე “ლიდერს“ ემორჩილებოდა და არც აბსტრაქტული სლოგანების სკანდირებაში მონაწილეობდა. მართალია, მეც ჩამიარა სამმა-ოთხმა ადამიანმა, რომელიც წამოიძახებდა “მიშას რა? - დედის ...“  ანდაც წყევლას ატეხავდა ანდაც, საპატრიარქოსთან ჩავლილას, წამოიყვირებდა “პატრიარქს გაუმარჯოს!“, მაგრამ ამგვარი შეძახილები ყოველთვის ძალიან ლოკალური იყო. სტუდენტების უდიდეს უმეტესობას არანაირი სურვილი არ უჩნდებოდა ამგვარ არაადეკვატურ მოქმედებებში მონაწილეობის და მყარად მიიწევდა სრულიად კონკრეტული რამეების გასაპროტესტებლად ან მოსათხოვნად სრულიად კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებებისაკენ. (აღარ გავუსვამ ხაზს ცოცხის სიმბოლოდ გამოყენების ფაქტორს, იმიტომ რომ ამასობაში ეს ცოცხი, კიდევ კარგი, აღარ არის ერთადერთი და ყველაფრის ამომწურავი სიმბოლო.)

პირველი უსიამოვნო მომენტი შემოვიდა მაშინ, როდესაც წარმატებული დამოუკიდებელი საპროტესტო ტალღის  ორი დღის თავზე სახელისუფლებო ბინძურ თამაშებში თავფეხიანად ამოგანგლულმა სტუდენტურმა თვითმმართველობებმა გადაწყვიტეს საკუთარი ტყავის გადარჩენა და სტუდენტური პროტესტის სათავეში ჩადგომა განიზრახეს. როცა მათ დაინახეს, რომ დამოუკიდებელი სტუდენტები მათ მიერ ორგანიზებული აქციის დემაგოგიურ და ფარისევლურ მოთხოვნებს არ აყვნენ, გადაწყდა საქმეში საქართველოს პატრიარქის ავტორიტეტის ფაქტორის ჩართვა და გუშინწინ ღამით თვითმმართველობის ღრმად ღვთისმოსავი წევრები ილია მეორეს ეახლნენ. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა სტუდენტური პროტესტის დროებითი შეწყვეტის მონათვლა, როგორც პატრიარქის კურთხევით მიღებული გადაწყვეტილებისა, სახელისუფლებო არხებმაც წარმატებით აიტაცეს ეს საკითხი და დანანებით განაცხადეს, რომ “პატრიარქის მოწოდების მიუხედავად“ სტუდენტების ნაწილი კვლავაც აგრძელებს პროტესტს, ქვეყნის მეთაურს კი კვლავაც მიეცა იმ ძველებური ბრექისა და ბაქიაობის საშუალება, რისი ნასახიც კი აღარ ჩანდა წინა დღეს გიორგი ტუღუშის მინისტრად დანიშვნის დროს.

ფაქტია, რომ სწორედ იმ სამ, ოთხ  და ხუთ ათასკაციან სტუდენტურ აქციებზე, რომლებმაც რეალური შედეგი გამოიღო და აჩვენა, თუ რა არის ნამდვილი დამოუკიდებელი სამოქალაქო პროტესტი, არც ვინმეს ლიდერობა იკვეთებოდა და არც პატრიარქის ავტორიტეტზე რაიმე სახის აპელირება ან ამ ავტორიტეტის თუნდაც ირიბი რელევანტურობა პროტესტის საგანთან მიმართებაში. პატრიარქზე აპელირება მხოლოდ თვითმმართველობის გამოჩენისა და ისეთი პოლიტიკური თამაშებისა და რელიგიური რევერანსების შედეგია, რაც 19 და 20 სექტემბერს შეკრებილ სტუდენტებს არც ეტყობოდათ და არც ჭირდებოდათ, რადგან მათ, ყოველგვარი ზემდგომი რელიგიური თუ პოლიტიკური ავტორიტეტის გარეშე, ზუსტად იცოდნენ, რატომ და რას აპროტესტებდნენ.

სწორედ ამ მთელი სულითა და გულით მისასალმებელი ახლებური საზოგადოებრივი ზრდასრულობის კონტექსტშია განსაკუთრებით მიუღებელი და დამთრგუნველი პატრიარქის ის განცხადება, რომ “ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებიც, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს საქვეყნოდ, არამედ თვითონ ასწორებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს.“ წესით ამ ფრაზას არ უნდა ჭირდებოდეს ბევრი გარჩევა, მაგრამ, რადგან ზოგიერთს მაინც უჩნდება განცდა, რომ პატრიარქს “ტალახს“ ტყუილად ესვრიან, ჩავუღრმავდეთ წინადადების თითოეულ ნაწილს:

“ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც“ - ასეთი რამ ხდება, მხოლოდ ისეთ “სხვა“ ქვეყნებშიც, რომელთა სამაგალითოდ აღებისგანაც იმავე ღმერთმა დაგვიფაროს, რომლის შუამავალიც თავად საქართველოს პატრიარქია.

“მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს საქვეყნოდ“ - სწორედ რადგან არც ხელისუფლებამ გამოიტანა საქვეყნოდ და საზოგადოებამაც წაუყრუა ამ პრობლემის არსებობის სერიოზულ ნიშნებს, სანამ აღარც ერთს და აღარც მეორეს აღარ დარჩა ამ კატასტროფის იგნორირების შანსი, ამიტომაც მივიდა ეს პრობლემა ასეთ უკიდურეს ფორმამდე.

“არამედ თვითონ ასწორებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს.“ - ზემოთა კომენტარიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ არავინ “თვითონ“ არაფერს არ შეასწორებდა, რომ არა სწორედ საზოგადოების მხრიდან ატეხილი ხმაური და ის “თავის მოჭრა“, რაც თურმე ყველაზე დიდი პრობლემა ყოფილა ამ ვითარებაში.

სამწუხაროა, რომ საქართველოსათვის სწორედ ის ყველაზე მტკივნეული პრობლემები, როგორებიცაა შიდაოჯახური ძალადობა ან პატიმრების წამება საპატრიარქოსთვის ის საკითხებია, რომელთა არა გამოაშკარავება უნდა მოხდეს, არამედ, პირიქით, მიჩქმალვა. ცინიზმის ელემენტებს შეიცავს ასეთი მიდგომა ისეთ რელიგიურ კულტურაში, რომელიც თითო სამარხო ლუკმიდან დაწყებული წირვაზე თითო სანთლის დანთებით დამთავრებული ყველა (წესით ყველაზე საიდუმლო და ინტიმურ) რელიგიურ-რიტუალურ ქმედებას პორნოგრაფიული ინტენსივობით ამჟღვნებს, გარეგნულს ხდის, აუფასურებს და საყოველთაო ჭორაობისა და სოციალური თუ პოლიტიკური ქულების დაწერის საგნად აქცევს.

წამებასთან დაკავშირებული საზოგაოდებრივი პროტესტის მიმართ საპატრიარქოს მიერ გამოვლენილი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ თანამედროვე ქართულ რელიგიურ სისტემაში არანაირი რეალური მზაობა და რესურსები არ არსებობს იმისათვის, რომ მან საზოგადოების მომწიფებასა და ზრდასრულად ქცევას ფეხი აუწყოს და, როგორც ძალაუფლების მპყრობელმა ინსტიტუციამ, გარკვეულწილად დათმოს საზოგადოებრივი აზრის მართვის ექსკლუზიურობაზე პრეტენზია და ხელი შეუწყოს სამოქალაქო აქტივობის გამოღვიძების ტენდენციას. თუმცა, ეჭვი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ სწორედ ის სამი, ოთხი და ხუთი ათასი დამოუკიდებლად და ორ ფეხზე მყარად მოსიარულე სტუდენტი, რომელსაც აღარ ეხუმრება და რომელიც აღარც ცარიელ პათეტიკურ სლოგანებს ისვრის, არის საწინდარი ეკლესიის მხრიდან ფუნდამენტურ კომპრომისზე წამოსვლის გარდაუვალობისა. რაც არ უნდა ასეულობით სტუდენტი ეახლოს - სრულიად გულწრფელი მიზნებით - პატრიარქს და მისგან ითხოვოს შეგონება, 19 და 20 სექტემბრის სტუდენტური აქციები ცხადყოფენ, რომ დამოუკიდებელი ძლიერი სამოქალაქო ინიციატივა არსებობს და რომ ის, ყოველგვარი გარეგანი რელიგიური და პოლიტიკური ავტორიტეტისგან დამოუკიდებლად, უაღრესად ქმედუნარიანია, თუნდაც მხოლოდ სამიოდე დღის ახალშობილი იყოს იგი, რაც - კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენთვისვეა ჩვენი ბრალეულობის და დაგვიანების ნიშანი, მაგრამ, ამავე დროს, სწორედ იმ ადამიანების წინაშე გვირეცხავს ნამუსს, რომელთაც, პირდაპირი გაგებით, საკუთარ ტყავზე მოუწიათ ჩვენი გულგრილობის გემება.

არავის და პირველ რიგში ქრისტიანული რწმენის მოქადაგე რელიგიურ ინსტიტუტს აქვს იმის ზნეობრივი უფლება, თქვას, რომ ამგვარი ძალადობა არ უნდა აშკარავდებოდეს და სამზარეულოსა და კულუარებშივე უნდა გვარდებოდეს. ამგვარი მიდგომითა და მენტალიტეტით კვლავაც ხელი ეწყობა იმგვარი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც სრულიად ინფანტილურად, უარს აცხადებს, თვალი გაუსწოროს საკუთარი მოწყობის ძალადობრივ საფუძველს, იმას კი ვეღარ აცნობიერებს, რომ ციხეში ან ოჯახის კარის მიღმა ძალადობის შეკეტვა ამ ძალადობას არც აღმოფხვრის და არც შეამსუბუქებს. ციხე თავისთავად ერთგვარი რთული ნაზავია შინაგანსა და გარეგანს შორის, რომელიც საჯარო სივრცისგან მოსაშორებელ საშიშ ინდივიდს დახურულ სივრცეში კეტავს და ამით, მართალია საჯარო სივრცეს დროებით მაინც იცავს ამ ინდივიდისგან, მაგრამ ამავე დროს უნდა უზრუნველყოფდეს დახურულ სადამსჯელო სივრცეში ამ ინდივიდისადმი ისეთ მოპყრობას, რომ ციხე არ იქცეს სხეულში ჩაბრუნებულ ჩირქად, რომელიც ადრე თუ გვიან ისევ და ისევ მშვიდობიან საჯარო სივრცეს გამოუთხრის ძირს. სწორედ ასეთია დღევანდელი ქართული ციხე და სწორედ ამის შემაძრწუნებელი საბუთია გლდანის ციხიდან ზოგიერთი პატიმრის რევანშისტული შეძახილი, რომ “მაგათაც მოეკითხებათ“.

საპატრიარქოს პირველ რიგში კიდევ იმიტომ არ აქვს პატრიარქის ბოლო განცხადების მსგავსი მოწოდებების გაკეთების არანაირი მორალური უფლება, რომ წლების მანძილზე ქართულ ციხეებში აქტიურად მოღვაწეობენ ეკლესიები და მოძღვრები, რომელთაც ინტენსიური კონტაქტი ჰქონდათ პატიმრებთან და შეუძლებელი იყო, მათ არ სცოდნოდათ საპატიმროებში არსებული ჯოჯოხეთური პირობების შესახებ. გარდა იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია, თუ რამდენ ყოფილ კანონიერ ქურდსა და კრიმინალს იფარავს ეკლესია გულუხვად ჩამორიგებული ანაფორების ქვეშ (რაც თავისთავად საკითხავს ხდის, რას ეუბნებოდნენ, რით “ანუგეშებდნენ“ მოძღვრები ნაწამებ პატიმრებს) პატრიარქის უკანასკნელ ქადაგებაში კიდევ ერთხელ გამომჟღავნებული მენტალიტეტი სამწუხაროდ თავადვე პასუხობს იმ შეკითხვას, თუ რატომ დუმდა იგი აქამდე. ერთი მხრივ, ცხადია, რომ საპატრიარქოს მიერ რადიკალური პოზიციის დაკავების შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილი მაშინვე აქტიურად გამოეხმაურებოდა წამოჭრილ პრობლემას, მაგრამ მეორე მხრივ, რადგან, როგორც კიდევ ერთხელ დადასტურდა, საპატრიარქოს ამის არც უნარი და არც სურვილი გააჩნია, ალბათ უკეთესიცაა, რომ - პრინციპით “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ - საზოგაოდებამ, თუნდაც ტელევიზიების მხრიდან ფაქტის წინაშე დაყენების შედეგად, საკუთარი ინიციატივით და სრული თვითორგანიზებით მოახერხა პროტესტის ტალღის წამოჭრა და მართვა.  

2 comments:

  1. http://www.ambioni.ge/sapatriarqos-ganmarteba-patriarqis-21-seqtembris-qadagebastan-dakavshirebit

    ეს ნახე და მომავალში სწორად გაიგე ხოლმე რაზე რას წერ ძმა!

    ReplyDelete
    Replies
    1. ერთი შეკითხვა მაქვს: როგორ ფიქრობ, საჭირო გახდებოდა საპატრიარქოსავე მხრიდან ამგვარი “განმარტებები“, პატრიარქის ჩემ და ბევრი სხვა ადამიანის მიერ გაკრიტიკებული განცხადებები თავისთავად რომ არ ყოფილიყო ძალიან ორაზროვანი?
      მთხოვ, გავიგო და არ ვწერო იმაზე, რისი განმარტება და არგუმენტებით გამართლება თავად საპატრიარქოს მოუწია პატრიარქის ქადაგების შემდეგ.

      Delete