Saturday, May 18, 2013

ცოფი


სათქმელი ბევრი არც არაფერია, გარდა იმისა, რაც გუშინ უკვე მრავალმა მეგობარმა და თანამოაზრემ დააფიქსირა.

გუშინდელი მომხდარი, ისევე, როგორც ქართველი მუსლიმების მიმართ შეუწყნარებლობის ბოლოდროინდელი ფაქტები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრობლემა “უბრალოდ“ სექსუალური ორიენტაციის თუ სარწმუნოების კუთხით ადამიანების სიძულვილი არ არის. ალბათ სწორედ ამის მიხვედრაა იმის მიზეზი, რომ გუშინდელი ძალადობის მერე ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა ლგბტ-აქტივისტებს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. 

საქმე გვაქვს, როგორც უკვე ითქვა, ძალიან მარტივ ფაშისტურ ლოგიკასთან, რომელიც ხვალ ან ზეგ იგივე წარმატებით დაერევა, მაგალითად, მაჯაზე საათის მატარებელ ან ჯინსებში ჩაცმულ ადამიანებს იმიტომ, რომ ფაშისტური ძალისთვის ერთადერთი რამაა მთავარი: მას ჰაერივით ესაჭიროება რომელიმე ჯგუფის მტრად ან კეთროვნად იდენტიფიცირება, რათა შემდეგ მის დევნასა და განადგურებას მიჰყოს ხელი და ამ გზით ჩამოიყალიბოს საკუთარი იდენტობა, რომელიც საბოლოო ჯამში მთლიანად მტრის ხატის შექმნასა და მასთან ბრძოლაზეა დამოკიდებული.  

მაჯაზე საათის მატარებელი ან ჯინსებში ჩაცმული ადამიანების მაგალითი არ არის უბრალოდ გადაჭარბება. გუშინდელი მოვლენების ამსახველი ერთერთი კადრი ყველანაირ ახსნაზე და არგუმენტაციაზე უფრო მეტყველია: “პიდარასტების ძებნაში“ გავეშებულ ბრბოს მისივე წვერ-ულვაშიანი წევრი “პიდარასტში“ აერია და მის ჩაქოლვას შეუდგა. მართალია დასისხლიანებული მამაკაცი გაიძახდა, რომ თვითონაც “პიდარასტებს“ ეძებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც პოლიციის მიერ გასარიდებელი შეიქნა. იგი იმავე ცოფიანი სიბრმავის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომლითაც სხვა ადამიანების ფიზიონომიებში ცდილობდა სრულიად ბუნდოვანი (ამ შემთხვევაში, ვიზუალური) კრიტერიუმებით მტრული სამიზნეების ამოცნობას. 

“საქართველოს დასნეულებულ სხეულზე“ საუბრისა არ იყოს, ახლაც მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რომ ქართული იდენტობის უმწიკვლო, უხარვეზო, ყოველგვარი განსხვავებისგან დაცლილი “სხეულის“ აგრესიული ძიების გზაზე მისი შემბღალველი “ბაქტერიების“ იდენტიფიკაციის და აღმოფხვრის პროცესი თავისი არსით უსასრულოა და, კლასიკური ფაშისტური ლოგიკის შესაბამისად, არ შეჩერდება მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების დევნაზე. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნისას თუ “წმინდა“, შეურეველი ქართული სისხლის მოპოვება ხდება, რელიგიურ შეუწყნარებლობაში ამ სხეულიდან უკვე იმ ადამიანების გაძევება ხდება საჭირო, ვინც “ეთნიკურად“ ქართველები არიან, მაგრამ განსხვავებული მრწამსის გამო რატომთაც ეს წმინდა ქართული სისხლი უცებ წყლად ექცევათ. ჰომოფობიის დღევანდელი ტალღაც მორიგი ოპერაციაა, რომელსაც ქართული სხეულის ხელახლა გამოხარშვა უწევს, რადგან თურმე ნუ იტყვი და ყველა სახის ბაქტერია ბოლომდე არ მომკვდარა.

“უცხოს“ ეს დევნა თავისთავად გულისხმობს მუდმივად ახალ-ახალი ჯგუფების “უცხოებად“ შერაცხვას და მათ ლიკვიდაციას. შესაბამისად, ამ პროცესის თეორიული და ლოგიკური დასასრული მხოლოდ ქართველი ერის თვითგანადგურებაა.